სტუდენტობისას, დოლიძის ქუჩის კუთხეში, მოხუცი ქალი მზესუმზირას ჰყიდდა ხოლმე. ჭიქას 10 თეთრად. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან დამწვარი მზესუმზირა გამოერეოდა, მაინც სულ მასთან ვყიდულობდი. აშკარად უკეთეს ცხოვრებას მიჩვეული, მუდმივად დამწუხრებული იყო და დიდად ლაპარაკი არ უყვარდა. ეტყობოდა, რომ სამყარო უსამართლოდ მოექცა.
უსაყვარლესი ბებო იყო, ერუდიცია და ახალგაზრდობისდროინდელი ელეგანტურობა იერზე ეტყობოდა. ძველებური ღვინის ჭიქით, ტომარას ამოუსმევდა ხელს და სახლში მოხალულ მზესუმზირას, გაზეთის მრგვალად დახვეულ პაკეტში მიყრიდა. მერე, ერთ მუჭს დამიმატებდა, მაწვდიდა და მიღიმოდა ხოლმე.
არასდროს გვილაპარაკია მაგრამ, როცა იმაზე მეტ ფულს ვუტოვებდი, ვიდრე მზესუმზირა მიმქონდა, ამომხედავდა და თვალებში მიყურებდა მანამ, სანამ თვალს არ მოვეფარებოდი. ლამაზი, დანაოჭებული თვალები ჰქონდა. თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას ხმამაღლა გამოეხატა მადლიერება მაგრამ თვალებით, იმდენ თბილ სიტყვას მეუბნებოდა, რომ გახმოვანება ზედმეტიც იყო, ეს უნდა გეგრძნო.
დღესაც უამრავი ადამიანია ვისაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა და ერიდება დახმარების თხოვნა. უამრავი ბავშვია, რომელსაც ცხოვრება სწყურია, თუმცა მათმა მშობლებმა რესურსი ბოლომდე ამოწურეს. უამრავი ცხოველია რომელსაც შია. უამრავი…
ჰოდა, თუ გინდა შუშანა ბებოს თვალებით შენც შემოგხედონ – გააჩუქე ნივთი, რომელიც აღარ გჭირდება შენი საყვარელი საქველმოქმედო ფონდის სასარგებლოდ და დააგენერირე სიკეთე!
Photo by მარიამი